სოზარ სუბარი - „ხელედულა ჰესის“ პროექტში არსებობს ხარვეზები, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია
მოსახლეობის ერთი და ხმაურიანი ნაწილი არ გვაძლევს საშუალებას, დიალოგი გავმართოთ მოსახლეობის იმ ნაწილთან, ვისაც რეალურად აინტერესებს პროექტი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ლენტეხში „ხელედულა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მწვავე შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის .
„ეს ჰესი რეგიონს ყოველწლიურად ორი მილიონი ლარის შემოსავალს მოუტანს, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროექტში არსებობს ხარვეზები, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ხელედულა ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ლენტეხში დაგეგმილი საჯარო განხილვა არ შედგა. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ აქცია გამართა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას და პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბარს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.