ნათია თურნავა - „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს 
ნათია თურნავა - „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს 

ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ლენტეხში მოსახლეობის აზრი გაყოფილია ორად, არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა და არის მეორე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს ამ საკითხზე კომუნიკაცია.

„ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად – არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ საჯარო განხილვა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის მოადგილე პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვისთვის დღეს ლენტეხში იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„პროექტის დამუშავება ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ჩატარდა ბევრი შეხვედრა, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორთან, რომელმაც აიღო ბევრი ვალდებულება – მაგალითად, სრულიად უარი თქვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე და მზად არის, რომ შემოიყვანოს გვირაბის გამყვანი მანქანა. ასევე ვალდებულებები აიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ისედაც საფრთხის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა და ჰესის მშენებლობის პროცესში ეს საფრთხე მოიხსნება, ასევე დაწესდება მუდმივი მონიტორინგი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ინვესტორი ასევე გეგმავს შექმნას სპეციალური სოციალური ფონდი, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ამ ფონდში არსებული თანხა, დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება.

„მიუხედავად ამისა, მზად ვართ, რადგან კიდევ არის გარკვეული შეკითხვები, მათ ვუპასუხოთ. დღეს ლენტეხში ჩამოვედით არა იმისთვის, რომ დავაანონსოთ მშენებლობის დაწყება, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, საჯარო განხილვის რეჟიმში გვქონოდა კომუნიკაცია და გაგვეცა მათ კითხვებზე პასუხები. ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, არ მესმის, როცა გარკვეულ ჯგუფს არ აქვს დიალოგის სურვილი. მსურს, მათ მივმართო, რომ შემოვიდნენ კომუნიკაციაში, დასვან მწვავე შეკითხვები და მიიღონ პასუხები“ – აღნიშნა თურნავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სავარაუდოდ, როდის და სად შეიძლება გაიმართოს მომავალი შეხვედრა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ მთავრობა არ ერიდება დისკუსიას, მათ შორის, მწვავე კამათს.

თურნავას განცხადებით, შეხვედრა უნდა ჩატარდეს ადგილზე, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, რომელმაც, ერთი მხრივ, თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, ხოლო მეორე მხრივ, მიიღოს ის სიკეთე, რასაც მოიტანს ჰესის მშენებლობა.

„ვფიქრობთ, რომ კვლავ ჩამოვალთ აქ და მეტი კომუნიკაციით, მეტი ახსნა-განმარტებით მივაღწევთ შედეგს“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.