სოზარ სუბარი - გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, არაბუნებრივია, რაც ხდება ჩრდილო კორეაში, სადაც ყველა ერთ აზრზეა
პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე საუბარი არ არის და არც იქნება, ორ-სამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ასეთი აზრი, მაგრამ არ ვიცი, რა საფუძველი აქვთ მათ, როცა ამაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ეს არის ბუნებრივი პროცესი, არაბუნებრივი პროცესი არის ის, რაც ხდება ჩრდილო კორეაში, სადაც ყველა ერთ აზრზეა, მანამ სანამ გაიქცევიან და საზღვარს გადაკვეთენ, დანარჩენი არანაირ კრიზისზე უმრავლესობაში ლაპარაკი არ არის.
თუ ვიღაც გადაწყვეტს, ოდესმე დატოვოს გუნდი, ამაშიც არ არის არანაირი პრობლემა, თუმცა, ცხადია, როდესაც აქ საუბარია გედევან ფოფხაძეზე, რომელიც არის ძველი თანამებრძოლი, ძალიან გული დამწყდება რომ ეს მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და გედევანი დარჩება ჩვენი გუნდის წევრად ,ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ შექმნის პირველივე წუთებიდან იყო თანამებრძოლი, დამფუძნებელი და ჩვენი იდეების გამზიარებელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ან პოლიტიკური გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის პოზიციები შესაძლოა, განსხვავდებოდეს, რაც ბუნებრივი პროცესია.
„რამდენჯერ ყოფილა, საკონსტიტუციო განხილვები როცა იყო, ვიკრიბებოდით ხან დიდ, ხან შედარებით ვიწრო ფორმატში და იქ იყო მუდმივი კამათი, მსჯელობა, აზრთა გაზიარება და მივდიოდით ერთსა და იმავე გადაწყვეტილებამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე აზრზე ვდგებოდით ხოლმე. მე მაგალითად, დღემდე ვერავინ დამაჯერებს, რომ სრული პროპორციული სისტემა უფრო უკეთესია, ვიდრე შერეული მაჟორიტარულ- პროპორციული, მაგრამ დავეთანხმე გუნდის გადაწყვეტილებას, ეს არის ნორმალური პროცესი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს.
კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ირაკლი კობახიძის პოსტიდან გადაყენების პროცედურის დაწყება, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ თუ გედევან ფოფხაძის გარშემო დაწყებული პროცესი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერია.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.