სოზარ სუბარი - გაურკვეველი ნივთიერება თუ დეპუტატმა შეიტანა, ასეთი ადამიანის ადგილი პარლამენტში არ არის
ეს არ არის ისეთი თემა, როდესაც ორი თუ სამი სკუნსი პარლამენტში შეიპარა და იქ რაღაცა ააყროლა, ეს არის ძალიან სერიოზული ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, თუ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერება დეპუტატმა გამოიყენა, მისი ადგილი პარლამენტში არ არის.
„ის, რაც პარლამენტშია, გამაოგნებელია. შეშფოთებული ვარ კი არა, ვერ ვიჯერებ, რომ შეიძლება ასეთი რამ იკადროს პარლამენტარმა, თუ მართლაც პარლამენტარები იყვნენ ამის გამკეთებლები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა განაყოფებმა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადეს, რომ ხუმრობაში გადაეტანათ. ეს არ არის ხუმრობა. ეს არ არის ისეთი თემა, როდესაც ორი თუ სამი სკუნსი შეიპარა და იქ რაღაცა ააყროლა, ეს არის ძალიან სერიოზული ქმედება. ჯერ დანაშაულს არ დავარქმევ, თუმცა გამოძიება დაწყებულია. არ ვიცით, რა ნივთიერება იყო, მაგრამ ამას, რომ იკადრებს ადამიანი თუ ის პარლამენტის წევრია, მიმაჩნია, რომ მისი ადგილი პარლამენტში უბრალოდ არ არის. უნდა შერცხვეს მეორედ მოვიდეს და კოლეგებს თვალებში ჩახედოს.თუ დანაშაულია, გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.
ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი იგრძნობა.