სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.
ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ.
სუზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებსა და თანასოფლელებს მოუწოდეს, სიმშვიდე შეინარჩუნონ, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებამდე არ დაიშლებიან.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა.
უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები განიხილეს.