სოზარ სუბარი - ჩვენ უნდა შევედაროთ ევროპას, სააკაშვილი შეედაროს ჩრდილოეთ კორეას, რომელიც მისი სტანდარტი და ოცნების ქვეყანაა
სოზარ სუბარი - ჩვენ უნდა შევედაროთ ევროპას, სააკაშვილი შეედაროს ჩრდილოეთ კორეას, რომელიც მისი სტანდარტი და ოცნების ქვეყანაა

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, თავის დროზე, როცა რვა პარტიიდან ოთხმა ხელი არ მოაწერა 19 აპრილის ხელშეკრულებას, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დოკუმენტი ანულირებული გახდა და ანულირებული დოკუმენტის პირობის გატეხვა ვერ მოხდებოდა.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებს.

„ჩვენი მხრიდან არანაირი გატეხილი პირობა არ არსებობს, მას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, პარტიებს შორის ყოფილიყო თანხმობა გარკვეულ საკითხებზე და სტაბილურობა, მაგრამ როცა რვა პარტიიდან ოთხმა ხელი არ მოაწერა, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დოკუმენტი ანულირებული გახდა და ანულირებული დოკუმენტის პირობის გატეხვა ვერ მოხდებოდა.

სახელმწიფო თანამდებობის პირები, როგორიც არის სახალხო დამცველი, გენერალური პროკურორი, სახელმწიფო აუდიტის თავმჯდომარე, მოსამართლეები, ცესკო-ს თავმჯდომარე, არ აირჩევიან კვალიფიციური უმრავლესობით. მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს არსად მსოფლიოში. ამ პირების ექვსი თვით ან ერთი წლით არჩევა არის ანტიდემოკრატიული, რადგან ძირს უთხრის მათ დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულს ხდის პოლიტიკურ პარტიებზე, რაც არასწორია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგსა და იმ ჩარჩოებს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაშია.

„ალბანეთის გარდა, თუ მაჩვენებთ სხვა ევროპულ ქვეყანას, სადაც მსგავსი წესია, კი ბატონო, მივიღებთ და ვიმსჯელებთ. ალბანეთზე არ ვამბობ, რომ არადემოკრატიულია, მაგრამ დემოკრატიის შუქურა და სტანდარტი ნამდვილად არ არის. ჩვენ უნდა შევედაროთ ევროპას და სააკაშვილი შეედაროს ჩრდილოეთ კორეას, რომელიც მისი სტანდარტი და ოცნების ქვეყანაა. ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მახინჯი სისტემა არ დაგვენერგა. პარტნიორებს ინფორმაცია აქვთ და ამის მიუხედავად, ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებენ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ეს რომ მახინჯი სისტემა არ იყოს, იქნებოდა გერმანიაშიც, ჰოლანდიაშიც, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ჩეხეთსა და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ არ არის, რატომ არ არის? იმიტომ, რომ ისინი და ჩვენც მივდივართ დემოკრატიის გზით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

​ჰარცელის თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას, ასევე, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, „გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად“.

ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ „დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, განაახლებდნენ ძალისხმევას, ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და მათ პირობა უნდა შეასრულონ.

ასევე, საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“. საელჩოს განცხადებით, ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი