სოზარ სუბარი – ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე ქართველი რადიკალების ყვირილს ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან

12:39, 18.05.2026

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი, რასაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან რაც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის თქმით, ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას ადასტურებს ის ურთიერთობებიც, რომელიც ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს აქვთ ამ ქვეყანასთან.

„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი – რასაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან რაც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში. მით უმეტეს, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებასთან დაკავშირებით, ანუ შუა დერეფანზე, წარმოუდგენელია ეს პროექტი ჩინეთის და ჩინური ტვირთების გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან. ქართველი რადიკალების ყვირილს ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

მსგავსი