სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას ვუყურებ, როგორც უფრო დიდ და სერიოზულ პროცესს
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ ბუნებრივია, შეუწყობს ხელს კონსოლიდაციას და პარტიის განახლების პროცესს, – ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი როგორც პარტიაში, ასევე ქვეყანაში ძალიან მაღალია.
„რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ცხადია, არაფერი სხვა ცვლილება არ იგეგმება. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი როგორც პარტიაში, ისე ზოგადად ქვეყანაში, ძალიან მაღალია. 2012 წელს კი არა, 2024 წელსა და 2034 წელსაც შეუძლებელი იქნებოდა იმ ავტორიტარული რეჟიმიდან გამოსვლა, რომელშიც ვიყავით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი. რამდენადაც ვიცი, ამის მთავარი ინიციატორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც შეძლო და დაითანხმა ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი ყოფნა იყო საჭირო. ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას ვუყურებ როგორც უფრო დიდ და სერიოზულ პროცესს. ეს არის პარტიაში ახალი იდეების გენერირება და უფრო მეტი განმტკიცება, უფრო დამაჯერებელი სვლა ქვეყნის შემდგომი აღმშენებლობისკენ და გამარჯვებისკენ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს თავად შესთავზა, პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.