სოზარ სუბარი - აშშ-ს, ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, როდესაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა
სოზარ სუბარი - აშშ-ს, ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, როდესაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

კარგია, როცა პარტნიორებთან გვაქვს ინტერესების თანხვედრა, მაგრამ როცა ასეთი თანხვედრა არ არის, უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, სახელმწიფოთა ურთიერთობებში გარკვეულ დათმობებზე წასვლა ხდება ხოლმე, მაგრამ ეს დათმობა უნდა იყოს ისეთი, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერესები.

„აშშ-ს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ხოლო როდესაც ჩვენ გავაფორმეთ მსგავსი ხელშეკრულება ჩინეთთან, ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას კრიტიკა მოყვა. არადა, თუკი ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, რაც კარგია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის და კარგია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, რატომ არ უნდა მიესალმოს ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? რა უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო? თუ მათთვის მისაღები და დასაშვებია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დასაშვებია, თუ მთლიანად ევროკავშირისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის დასაშვებია, საქართველოსთვის რატომ არის აკრძალული? რატომ გვიდგენენ ჩვენ სხვა სტანდარტს? ჩვენ, „ხალხის ძალას“, სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტი არ მოგვწონს და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, თუ არ დავიცავთ ჩვენს თავს, უფლებებსა და ინტერესებს. აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ამიტომ მასზე ნუ ვიქნებით გაბრაზებული, თუ ის ჩვენთან ურთიერთობაში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამერიკაც, ინგლისიც, ჩინეთიც და ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, თავისი ინტერესები დაიცვას და გაატაროს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ეს კარგია, მაგრამ როცა ასეთი თანხვედრა არ არის, მაშინ ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. იმას ვერ ვიტყვი, რომ დათმობა არასდროს მოგვიწევს, პოლიტიკა დათმობების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ, ბუნებრივია, ეს დათმობა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები არ დავაზიანოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.