სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ პირადობის მოწმობის გაყალბება შეუძლებელია, რადგან დოკუმენტი სამმაგ კონტროლს გადის
სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე მოუწოდებს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომ ყალბი პირადობის მოწმობების სავარაუდო ბეჭდვაზე საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ არგუმენტები და ფაქტები.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, პროკურატურის სამსახურის საქმიანობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას წარუდგენს, რომელიც არგუმენტირებული იქნება.
„გუშინ არ მოგვისმენია არც ერთი ფაქტი, არგუმენტი, გარემოება და არც ერთი ციფრი. მოვისმინეთ მხოლოდ ბრალდებები. მოვუწოდებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მომზადებულები მივიდნენ პროკურატურაში, რათა მათი საუბარი არ დარჩეს მხოლოდ ცილისწამებად და ბრალდებად”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.
მისი თქმით, პირადობის მოწმობის დოკუმენტის დამზადება სისტემატიზებულია და პროგრამულად სამმაგ კონტროლს გადის.
„პირადობის მოწმობის დოკუმენტის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რომელიც ამ დარგში მუშაობს, თეორიულადაც კი წარმოუდგენელია ამ ყველაფრის განხორციელება, რადგან არაერთი მექანიზმი და ბერკეტი არსებობს ასეთი პროცედურისგან თავის დასაზღვევად. პროგრამა იმდენად უნიკალურია, რომ მას აქვს საშუალება, სამსახურის თანამშრომელს იქვე აჩვენოს, რომ მსგავსი დოკუმენტი უკვე ვიღაცას ეკუთვნის. სადაც არ უნდა დამზადდეს, დოკუმენტი სამმაგ კონტროლს გადის. ეს არის დადგენილი წესი, რომელიც განსაზღვრულია კანონით და ამ კანონის ფარგლებში მკაცრად არის დადგენილი, რა პირობებით ვახდენთ თითოეული დოკუმენტის დაბეჭდვას, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ერთი და იმავე პიროვნებაზე რამდენიმე დოკუმენტი დაიბეჭდოს”,- განაცხადა სოსო გიორგაძემ.