სოსო ფხაკაძე - საპენსიო რეფორმა უნდა განხორციელდეს
სოსო ფხაკაძე - საპენსიო რეფორმა უნდა განხორციელდეს

ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ბიზნესასოციაციას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შვიდი შენიშვნა აქვს. მისი თქმით, მთავრობა მზად არის, მათი უმრავლესობა გაითვალისწინოს. შენიშვნების ნაწილი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების დანიშვნასა და საპენსიო ფონდის თანხების განკარგვას შეეხება.

როგორც ფხაკაძე ამბობს, ახლა საპენსიო რეფორმის განხორციელების მესამე მცდელობაა – 90-იანი წლებისა და 2011 წლის შემდეგ.

„საპენსიო რეფორმა უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეფორმის ინიციატორებთან საუბარი არ ყოფილა საშემოსავლო გადასახადის შესაძლო შემცირებაზე. რაც შეეხება დამსაქმებლებისთვის დამატებით გადასახადს, ფხაკაძის თქმით, ეს კომპანიებისთვის გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობაა.

ბიზნესასოციაციში შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ესწრებიან.

 

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.

თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება,  განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული –  საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება.

შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი – მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.

საპენსიო აქტივების ინვესტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მოხდება.

პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.

კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.

საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ დონორებიც.