სოსო ფხაკაძე - რაც უფრო ადვილად ექნება კაპიტალზე წვდომა ბიზნესს, ეს მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას
სოსო ფხაკაძე - რაც უფრო ადვილად ექნება კაპიტალზე წვდომა ბიზნესს, ეს მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას

რაც უფრო ადვილი იქნება ბიზნესის წვდომა კაპიტალზე, ეს მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას,  – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ საქართველოს ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

სასტარტო კაპიტალის რეფორმაზე მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ კაპიტალზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის.

„რაც უფრო მეტი ფინანსური შუამავალი იქნება ქვეყანაში, კაპიტალის ბაზრები თუ შეიქმნება და განვითარდება, რაც უფრო ადვილად ექნება კაპიტალზე წვდომა ბიზნესს, მნიშვნელობა არ აქვს პატარა, საშუალო თუ დიდ ბიზნესს, ეს უფრო მეტად შეუწყობს ქვეყნის განვითარებას ხელს“, – განაცხადა ფხაკაძემ.

კითხვაზე – ხომ არ შეეხება ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას საბანკო სექტორთან დაკავშირებით, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ დადგება,  ბიზნეს ასოციაციას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ფინანსთა სამინისტროსთან და ამ თემაზეც ასოციაციას ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება.

„ეს საკითხი ბუნებრივია, არ დადგება, თუმცა ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ყველა თემასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვცდილობთ, პროფესიული აზრი გამოვთქვათ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც მომავალში ვისაუბრებთ. ჩვენი აზრი იქნება საერთო აზრი, რაც ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ექნება თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, ასოციაციას ძალიან კონსტრუქციული, საგნობრივი და პროფესიული ურთიერთობა აქვს ხელისუფლების ნებისმიერ წევრთან.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება, ამიტომ, ყველანაირ გაუგებრობას გამოვრიცხავ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 12 აპრილს განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას არ იძლევა.