სოსო ფხაკაძე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების არგუმენტები მოვისმინეთ, ამ ეტაპზე, ეს თემა დაიხურა
„ოქროს სიასთან“ დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იყო ფინანსთა მინისტრის ბრძანების გაუქმება, თუმცა, დღეს ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები, რის გამოც არ იცვლება გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა.
„ოქროს სიაზე“ ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს რეგულაცია გაუქმებულიყო, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტაცია, რის გამოც არ იცვლება გადაწყვეტილება. ძალიან ბევრია ეს არგუმენტი და ყველა ამ მიზეზის ინტერვიუში თქმა ძალიან რთულია. ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, ეს არ არის ერთი ან 10 კომპანიის აზრი, რომ უნდა გაუქმებულიყო მინისტრის ბრძანება, მაგრამ ასევე ჩვენ ყოველთვის კონსტრუქციულად და რაციონალურად ვცდილობთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვუსმენთ მეორე მხარეს. ამ ეტაპზე, ჩვენდა სამწუხაროდ, გადაწყვეტილება არ იცვლება. ჩვენ ვართ ბიზნესი. ბიზნესს დამატებითი რეგულაციები არასდროს უნდა. რასაკვირველია, ყოველთვის ვიცავთ თავს, რომ დამატებითი რეგულაციები არ შემოვიდეს, მაგრამ არის რამდენიმე არგუმენტი, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველა არგუმენტს ვიზიარებთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე ღირებულია ის, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილება აღარ მიიღება მომავალში და მიღებული გადაწყვეტილება კი, გარკვეული არგუმენტაციით აიხსნა.
„ეს თემა ამ ეტაპზე დაიხურა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ივანე მაჭავარიანი და ნათია თურნავაც მონაწილეობენ. სხვადასხვა საკითხთან ერთად, საუბარი „ოქროს სიასაც“ შეეხო.
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე შეღავათი გაუქმდა.