სოსო ფხაკაძე - მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო-საგარანტიო სქემები მეტ სიცხადეს მოითხოვს
ახლა მთავარია ლიკვიდობის მართვა, რათა კომპანიები გადარჩნენ, ამიტომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო-საგარანტიო სქემები მეტ სიცხადეს მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს, რომელიც პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 3.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 2.1 მილიარდი ბიზნესის მხარდაჭერაზე უნდა მიიმართოს. პაკეტი ასევე ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალური დახმარების კომპონენტსა და ჯანდაცვის სექტორის ხარჯებს.
საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მოსაზრებით, მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში მთავარია ლიკვიდობის მართვა, რათა კომპანიები გადარჩნენ, ამიტომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ბიზნესის მხარდამჭერი საკრედიტო-საგარანტიო სქემის კომპონენტი უფრო მკაფიო უნდა იყოს.
„ახლა მთავარია ლიკვიდურობის მართვა, რომ კომპანიები გადარჩნენ. როდესაც ეკონომიკური და მაკროეკონომიკური ვითარების ნორმალიზება მოხდება, ამის შემდეგ თანდათან დაუბრუნდებიან იმ ნიშნულებს, რაც კრიზისამდე ჰქონდათ. მე არ ვამბობ, ეს ექვს თვეში მოხდება თუ ერთ წელიწადში, უბრალოდ ეს არის სწორი გათვლა და ხედვა. ამ გეგმასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე მინდა, იყოს საკრედიტო-საგარანტიო სქემებში. ჯერ ერთი, ეს დებულება საბოლოო სახით არ არსებობს. გვპირდებიან, რომ ამ კვირაში გვექნება. რამდენიმე ჩართვა გვქონდა ამ ნაწილში. ბანკებსაც აქვთ შეკითხვები და დღესაც დააყენეს მათ ეს კითხვები ამ ნაწილთან დაკავშირებით და ეს უფრო მეტ სიცხადეს მოითხოვს. იგივე „აწარმოე საქართველოს“ სქემა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სქემაა. მესმის, რომ იქ ახალი ბიზნესის დახმარებაზეა საუბარი, მაგრამ ასევე არის არსებული სესხების რესტრუქტურიზაცია და როდესაც არსებულ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ახალი ბიზნესი კარგია, მაგრამ რეალისტები რომ ვიყოთ, დღეს უფრო მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, რომლებიც ბიზნესს გააჩნია. თუ დღეს ფინანსური ნაკადების მწვავე დეფიციტი გაქვს, როგორ უნდა იფიქრო ახალი ბიზნესის დაწყებაზე? არადეკვატური იქნება“, – განუცხადა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორს“.