პირდაპირ გეტყვით, არ გვაშფოთებს კონგრესმენების წერილები, იმდენად მსხვილი ორგანიზაცია გვაქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი, ამ მაჯისცემას მართლაც კარგად ვგრძნობთ,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბიზნესგარემოზე კონგრესმენების წერილების გავლენასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„კვლევები აჩვენებს, რომ 2019 წელი უფრო კარგად არის შეფასებული ბიზნესის მხრიდან. ეს ძალიან პრაგმატული შეფასებაა, არის კონფიდენციალური ხასიათის გამოკითხვა. ბიზნესმენები ამბობენ, ვინ რამდენი ინვესტიცია ჩადო, ვინ რამდენი სამუშაო ადგილი დაამატა, როგორი ფინანსური შედეგები ჰქონდათ. 2019 უფრო კარგი იყო, ვიდრე 2018 წელი. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ფინანსურ და ბიზნეს გეგმებს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ვუკავშირებთ არასდროს. ჩვენ 2020-შიც გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით 2019, 2018 წელს და ა.შ. ასოცისცია თითოეულ კომპანიას, თითოეულ წევრს დაეხმარება, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, შეიქმნას სამუშაო ადგილები. ეს არის ჩვენი ამოცანა. ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი“,- აღნიშნა ფხაკაძემ.
რაც შეეხება კომპანია „ფრონტერას“ საქმეს, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ამბობს, რომ კონკრეტული საქმეების განხილვა ევროპის სასამართლოში მიმდინარეობს და დარწმუნებულია, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.