სოსო ფხაკაძე - ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე ვთხოვეთ პრემიერს, შრომის კანონმდებლობის განხილვისას ჩვენი შენიშვნები გაითვალისწინონ
ინვესტორთა საბჭოს პლატფორმა საინტერესო და ეფექტიანია, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ინვესტორთა საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საბჭო ყოველ ორ თვეში შეიკრიბება.
„ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია საქართველოში და ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რათა ჩვენი წევრების ინტერესები წინ წავწიოთ. ეს პლატფორმა მართლაც არის საინტერესო და ეფექტიანი. პრემიერის გარდა, ესწრებოდა ექვსი მინისტრი, რამდენიმე ბიზნესასოციაცია და რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელი, ბიზნესომბუდსმენი. პრემიერმა თქვა, რომ მომავალში ორ თვეში ერთხელ მოხდება ამ პლატფორმით შეკრება, რაც ძალიან კარგი იქნება, რათა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო კარგად განვითარდეს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა.
„გვქონდა რამდენიმე საკითხი, კონკრეტულად ვისაუბრეთ შრომის კანონმდებლობაზე, რომელზეც ადრე გამოვთქვით შენიშვნები, დღესდღეობით ამ ახალი კანონის განხილვა არ მიმდინარეობს, მაგრამ დღესვე ვთხოვეთ პრემიერ-მინისტრს, რომ როგორც კი დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა და თუ დაიწყება, აუცილებლად გაითვალისწინონ შენიშვნები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, ვფიქრობ, ძალიან პროფესინალურად. ასევე ვისაუბრეთ შრომის ინსპექციაზე, ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრებაა, რომ შესაბამის კანონპროექტში ზოგიერთი მუხლი არ უნდა იყოს, უფრო მეტიც, ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში არ არის ისეთი მოთხოვნები, რასაც აღნიშნული კანონპროექტი აყენებს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ცალსახად დაიცავს საკუთარი წევრების ინტერესებს.
„ძალიან ფართოა უფლებები, რაც მიეცემა ინსპექციას. ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე შრომის ინსპექციას შეუძლია, შევიდეს ნებისმიერ კომპანიაში და განახორციელოს მონიტორინგი, ზედამხედველობა იმ საკითხების, რომელიც ვფიქრობთ, უნდა სცილდებოდეს მათი საქმიანობის არეალს. თუმცა ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ბიზნესის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.
ამასთან, სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ისე უნდა მოხდეს, რომ არც დასაქმებული დაზიანდეს და არც დამსაქმებელი.
„ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, ევროინტეგრაცია, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მეტი ბიზნესი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. უფრო დეტალურად შენიშვნებზე შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც განხილვები დაიწყება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა.