სოსო ფხაკაძე - ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ცვლილებები აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას მინიმუმამდე შეამცირებს
სოსო ფხაკაძე - ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ცვლილებები აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას მინიმუმამდე შეამცირებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფინანსთა მინისტრის მიმდინარე წლის 6 აპრილის N92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.

„ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის შემდგომ გაჯანსაღებასა და განვითარებას. მადლიერი ვართ მათი ამ გადაწყვეტილების და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ბევრ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი ღონისძიებების გატარებას ჩავუყრით საფუძველს. სტაბილური ბიზნესგარემო, სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი, კონკურენტული პირობები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სახის ბიზნესის სწორად და ჯანსაღად წარმართვისთვის“, – აცხადებს ფხაკაძე.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ადგილობრივი ბიზნესი რთული გამოწვევების წინაშე დგას, სწორედ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები დაიცავს კეთილსინდისიერ ბიზნესს და შექმნის კრიზისის დასაძლევად აუცილებელ წინაპირობებს.

„ვაგრძელებთ სამართლიან, პროფესიულ და ეფექტიან კომუნიკაციას ფინანსთა სამინისტროსა და ზოგადად საქართველოს ხელისუფლების სხადასხვა შტოსთან, რაც, სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან ერთად, გულისხმობს ამა თუ იმ ბიზნეს სექტორში პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ მიტანას ხელისუფლებისადმი შემდგომში აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.