სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ არტაკ დავთიანს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების, ასევე სამხედრო მედიცინის მიმართულებით თანამშრომლობას. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
დღესვე, გენერალ-ლეიტენანტმა არტაკ დავთიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან.