ვახტანგ გომელაური სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
ვახტანგ გომელაური სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი გააცნო.

„მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესების განხილვას დაეთმო. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე, რეგიონული დიალოგის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის თუ სხვა მიმართულებით.

ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – გივი თუმანიშვილი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე – გიორგი ღიბრაძე, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი – არშაქ მუსახანიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი – რუბენ სადოიანი.