სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.
„კონსტიტუციის მიხედვით, არჩეული კანდიდატი გახდება პრემიერ-მინისტრი, მე კი მაშინვე მოვაწერ ხელს შესაბამის განკარგულებას. ყველამ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, სხვა შემთხვევაში გავხსნით პანდორას ყუთს. თუ ერთხელ მაინც დავარღვევთ კონსტიტუციას, შემდეგ ამის კეთებას გავაგრძელებთ“,- აცხადებს არმენ სარგსიანი.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ პარლამენტის შენობაში და არა მიტინგებზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი და ის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია.
შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტი სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე ხვალ იმსჯელებს.