სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყება, მოგვიანებით კი წყალკურთხევის წესი შესრულდება.
ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. ლიტურგიის შემდეგ დასრულდება ერთკვირიანი მარხვაც.
შობის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, გუშინ საღამოს საზეიმო ღვთისმსახურება ავლაბარში, სურბ ეჩმიაძინის ტაძარში შესრულდა. მრევლი მსახურებას ანთებული სანთლებით დაესწრო, რომელიც სიმბოლურად ბეთლემის ვარსკვლავს განასახიერებს. ღვთისმსახურების შემდეგ კი სანთლები სახლში წაიღეს.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.
7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება, რა დროსაც ეკლესიებში მიცვალებულთა სულებისთვის პანაშვიდს იხდიან და საფლავებზე გადიან.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.