„სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის დეტალებს განმარტავს
„სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელის, ეკა ფესტვინიძის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18-წლამდე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება ჯანდაცვის სამინისტროში 24 ივლისს, 09:00 საათიდან დაიწყება.
ეკა ფესტივინიძემ საქართველოს პირველ არხთან დეტალურად ისაუბრა, რა დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით.
„დოკუმენტაცია, რაც უნდა ჰქონდეს თითოეულ განმცხადებელს, გულისხმობს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ფორმა-100), რომელიც უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ნებისმიერი დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც ბავშვის, ისე განმცხადებლის. იმ სივრცეშივე განმცხადებელს მისცემენ განაცხადის ფორმას, სადაც შეავსებს და ჩააბარებს ჯანდაცვის სამინისტროს“, – განაცხადა ეკა ფესტვინიძემ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ განმცხადებელს დაუკავშირდებიან „სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლები და დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ ბავშვთა ონკოლოგიის პროგრამასთან დაკავშირებით.
„კერძოდ, იმ არჩევანის შესახებ, რა არჩევანიც აქვთ კლინიკებთან მიმართებით. ყოველ მომდევნო ეტაპზე ინფორმირებული იქნებიან. „სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლები პირდაპირ კავშირზე იქნებიან ოჯახთან. ბავშვს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სერვისი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ეს ოჯახის არჩევანზე იქნება დამოკიდებული და ამ გადაწყვეტილებაში მესამე მხარე მონაწილეობს. უცხოეთთან მიმართებით, იმ კონკრეტულ კლინიკებში, რომლებიც დასახელდა, ეს არის თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „პროტონოთერაპიის ცენტრი“. ამ სამ კლინიკაში იქნება შესაძლებლობა, გაიაროს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურსი იმის მიხედვით, რა დიაგნოზი აქვს კონკრეტულ ბავშვს, რა საჭიროებები აქვს. ასევე, ოჯახის არჩევანსა და კლინიკის შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული კონკრეტული კლინიკის არჩევა, სადაც ბავშვი გაემგზავრება. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სერვისპაკეტს სთავაზობს ეს პროგრამა. თურქეთის შემთხვევაში, ოჯახი თუ გადაწყვეტს და თურქეთში მიიღებს სამედიცინო სერვისს, მომსახურების პაკეტში შედის როგორც სრული სამედიცინო სერვისი, ასევე პაციენტისა და ერთი თანმხლები პირისთვის საცხოვრებელი ხარჯი. ისრაელსა და ესპანეთში მხოლოდ სამედიცინო სერვისი მოიაზრება და ასევე გამგზავრებას საქართველოდან უზრუნველყოფს „სოლიდარობის ფონდი“, – განუცხადა ეკა ფესტვინიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.