სოფო ქაცარავა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ამდენი ქვეყნის დელეგატის წინაშე ემოციურად ისაუბრა საქართველოს შესახებ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
მედლინ მუნმა სიტყვით გამოსვლისას დიდი დრო დაუთმო საქართველოს საკითხს, ეს თავისთავად ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სიტყვის შეფასებისას განაცხადა.
სოფო ქაცარავას თქმით, მედლინ მუნის სიტყვა ემოციური იყო.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პლატფორმიდან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამდენი ქვეყნის დელეგატის წინაშე საუბრობს საქართველოს შესახებ. მან საკუთარ სიტყვაში დიდი დრო დაუთმო საქართველოს, კონკრეტულად ოკუპაციის საკითხს და ეს იყო ძალიან ემოციური, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე კვირის წინ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა და მან საკუთარი თვალით ნახა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. მან დიდი დრო დაუთმო საქართველოს საკითხს და ეს თავისთავად ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის სესიაზე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.
ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო. მედლინ მუნმა საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, დათა ვანიშვილთან შეხვედრაც გაიხსენა.