სოფო ქაცარავა - მამუკა ბახტაძის ვიზიტი აზერბაიჯანში გამოხატავს იმ პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, რაც ისტორიულად ორ ქვეყანას აკავშირებს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, რაც ისტორიულად ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებით წარმატებულია და აღნიშნა, რომ პოზიტიურ გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაზე.
„ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ყველა იმ სტრატეგიული მიმართულების განხილვა, რაც აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს. საქართველოს ენერგეტიკული და სატრანზიტო მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით, შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საერთაშორისი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი და სხვა. ყველა ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნებისთვის და შესაბამისად, ვართ დაინტერესებულები, რომ გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც მომავალში ამ პარტნიორობას უფრო თვალსაჩინოს გახდის და მეტ ხელშესახებ შედეგს მოუტანს როგორც ორ ქვეყანას, ასევე მთლიანად რეგიონს“, – განაცხადა ქაცარავამ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ერთად შევძელით უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება. პროექტების, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს და ზრდის ქვეყნების მნიშვნელობას საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ახალ დინამიკას შესძენს ჩვენს სამაგალითო თანამშრომლობას“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანში ვიზიტს დღეს იწყებს.