საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტს იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტს იწყებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი იწყება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლებს.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ ოფიციალური ლანჩი გაიმართება.

ქართულ დელეგაციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, დეპუტატი ზვიად ძიძიგური იმყოფებიან.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ბახტაძე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაემგზავრება, სადაც ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავებს გვირგვინით შეამკობენ, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია შეჰიდთა ხეივანში გაემართება, სადაც პრემიერი ასევე გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე დღეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება. დღესვე დაგეგმილია ვიზიტი მილი მეჯლისში, სადაც პრემიერს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ და ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ერთობლივ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის, გაზის სამხრეთის დერეფნის, TAP-ისა და TANAP-ის პროექტებს.

საქართველოს პრემიერს აზერბაიჯანში ახალი ელჩი, ზურაბ პატარიძეც დახვდება. ზურაბ პატარიძეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აგრემანები – რწმუნების სიგელები უკვე გადასცა და ის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად გუშინ შეუდგა.