სოფო ქაცარავა - აუცილებელია, რომ დადგინდეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ობიექტური გარემოებები
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ მთავარია, დადგინდეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ობიექტური გარემოებები.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. ახალა მთავარია ცხედარი გადმოგვცენ და ობიექტური გარემოებები დადგინდეს, ეს ყველაფერი რა ვითარებაში მოხდა. ყველა პარტნიორი საქმის კურსშია. უწყებებები მუშაობენ. ინფორმირებულია, როგორც დიპლომატიური კორპუსი ასევე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ექსპერტიზა აუცილებლად ჩატარდება“, – განაცხადა ქაცარავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მომხდარში ხელისუფლების დადანაშაულება, რეალობის სურათს სცდება.
„ამ სამწუხარო ფაქტზე მყისიერი რეაგირება იყო და რა თქმა უნდა, იქნებოდა. ზოგადად პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკა ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია“, – განაცხადა ქაცარავამ.
ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. მომხდარზე განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით“. ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.