სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გადახედვა შესაძლებელია
სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გადახედვა შესაძლებელია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გადახედვა შესაძლებელია.

პირველ არხთან საუბარში სოფო ქაცარავა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ძალიან პრინციპული და კარგი განცხადება გააკეთა.

ქაცარავას თქმით, ევროკავშირი საკუთარ განცხადებაში ზუსტად იმ დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აქვს.

„ეს ჩვენი სწორი კომუნიკაციის შედეგია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ევროკავშირის ქვეყნებთან ვაყენებთ როგორც ნომერ პირველ პრობლემას. ჩვენი მუშაობის შედეგი ამ განცხადების სახით ვნახეთ. ქმედითობასთან დაკავშირებით იმაზე კარგი პასუხი ვერ იქნება, რაც ევროკავშირის განცხადებაა. რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ინიცირებული რეზოლუციაც ვნახეთ, სადაც საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ზუსტად ეს არის ქმედითობა და პრაქტიკაში შედეგის ნახვა“, – განაცხადა ქაცარავამ.

დეპუტატი ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ფორმირების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„სპეკულაციები არ მინდა, რადგან სიის მომზადების დროს, კრიტერიუმების გაწერის პროცესში ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული და ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ქმედითობა ნათელია, რადგან ის საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სანქციები დაამტკიცა და ველოდებით, რომ ამას სხვა ქვეყნებიც გაიმეორებენ. რაც შეეხება სიის გადახედვას, ეს შესაძლებელია. ამის თაობაზე შსს-ს განცხადებებიც მოვისმინეთ, თუმცა ქმედითობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – დასძინა ქაცარავამ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1 323-ე სხდომის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავის საკითხი განიხილეს. განხილვისას გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით. განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, მონაკო, მოლდოვა, ნორვეგია,  უკრაინა, სანმარინო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლებების და ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო. განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიუთითებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში 33 პირია შეყვანილი.  ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა აგვისტოს დასაწყისში დაასრულა. შედეგად, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია შეყვანილი, შეზღუდვებს დაექვემდებარა.