სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და სწორი გზავნილები გააკეთა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გზავნილები გაკეთდა.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, კელი დეგნანის განცხადებები ეხებოდა საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, ამ ყველაფერში საერთაშორისო ორგანიზაციების როლს, ნატო-ში ინტეგრაციასა და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პროგრესს.
„მან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რაც ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან თემებს წარმოადგენს და ჩვენს დღის წესრიგშია. რაც შეეხება დემოკრატიის ნაწილს, დღეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოვისმინე. ჩვენმა ხელისუფლებამ დემოკრატიის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, რაშიც ჩვენი საერთაშორისო, სტატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან. ამ ყველაფერში ყოველთვის თანხვედრაში ვართ. როცა საუბარია, რომ რეფორმები უნდა გავაგრძელოთ, რეფორმები ყველა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება. იცით, რომ 2012 წლიდან არჩევნების სტანდარტი შეცვლილია და ჩვენი მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს. სწორედ მსგავსი მოლოდინი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც”, – განაცხადა ქაცარავამ.
საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს.