სოფო კილაძე - სახელმწიფო ინსპექტორის უწყება ეფექტიანი მექანიზმია, რათა სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულების გამოძიებაზე კითხვები გაქრეს
სოფო კილაძე - სახელმწიფო ინსპექტორის უწყება ეფექტიანი მექანიზმია, რათა სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულების გამოძიებაზე კითხვები გაქრეს

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორმა ახალი ფუნქციები შეიძინა, ზედამხედველობა და საგამოძიებო ფუნქცია სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ შესაძლო, სავარაუდო დარღვევებზე.

„ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. ეს არის ეფექტიანი მექანიზმი, რომ კითხვები გაქრეს იმის თაობაზე, თუ როგორ იძიებენ სამართალდამცველები თავიანთ უწყებაში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს. ლონდა თოლორაიას კანდიდატურას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა და ვფიქრობთ, მისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ადამიანი შესაფერისი კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე იქნება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.