სოფო კილაძე - მ.კ-სთან დაკავშირებით არის გარკვეული კითხვის ნიშნები, თუმცა აუცილებელია, კომისიამ პასუხები კითხვების ადრესატისგან მოისმინოს
სოფო კილაძე - მ.კ-სთან დაკავშირებით არის გარკვეული კითხვის ნიშნები, თუმცა აუცილებელია, კომისიამ პასუხები კითხვების ადრესატისგან მოისმინოს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი კომისიის წევრი სოფო კილაძე, მ.კ.-ს დაკავების შესახებ ზაზა სარალიძის მოთხოვნას ეხმაურება.

კილაძე არ უარყოფს, რომ მ.კ-ს მიმართ კითხვები არსებობს, თუმცა აღნიშნავს, რომ აუცილებელია კომისიამ პასუხები თავად შეკითხვების ადრესატისგან მოისმინოს.

როდის გამოიკითხება საგამოძიებო კომისიის მიერ მ.კ, ამის შესახებ ინფორმაცია კილაძისთვის ჯერ უცნობია.

“მ.კ-სთან დაკავშირებით არის გარკვეული კითხვის ნიშნები. ბუნებრივია, ასევე შეფასების საკითხია, მაგრამ თვითონ მ.კ-ც არ დაგვიკითხავს ჯერ. მ.კ-ს გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა, ისევე როგორც ყველა იმ ბავშვისა, რომელიც ჩართული იყო ამ ამბავში. ამიტომ მნიშვნელოვანია მათაც ვკითხოთ, მათი პოზიციაც მოვისმინოთ. ძალიან კარგად მესმის ბატონი ზაზასი. ის ისე იქცევა, როგორც მოიქცეოდა ძალიან ბევრი ჩვენგანი მის ადგილზე. იმიტომ რომ მას აქვს რაღაც კითხვის ნიშნები. მას არ აკმაყოფილებს ის შედეგი, რომელიც არის დამდგარი. ჩვენი ვალდებულება არის მაქსიმალურად გავუწიოთ მის აზრს ანგარიში, თუმცა კანონის ფარგლებში, ანუ ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მწვავე კითხვები დავსვათ. ამომწურავად მივიღოთ პასუხები, გავარკვიოთ ყველა ფაქტობრივი გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე შეიძლება ის ადამიანებიც იქნან პასუხისგებაში მიცემული, ვისზეც ბატონ ზაზას აქვს ეჭვი და შეიძლება სხვა პირებიც გამოიკვეთოს, ამას ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ამ კონკრეტულ მომენტში, ჯერ მხოლოდ რამდენიმე სხდომაა ჩატარებული და ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია გვაქვს მისაღები”, – განაცხადა კილაძემ.