სოფო კილაძე - გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევით ნუ შევქმნით ტრაგედიას, არჩევა მოხდა დარღვევით და ამას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი
სოფო კილაძე - გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევით ნუ შევქმნით ტრაგედიას, არჩევა მოხდა დარღვევით და ამას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა დარღვევით მოხდა და შესაბამისი პასუხი სჭირდებოდა.

„როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, დღეს მოხდა გედი ფოფხაძის გაწვევა იურიდიული კომიტეტიდან, რადგან მისი არჩევა იყო პროცედურული დარღვევებით და ასევე პოლიტიკურადაც შეუთანხმებელი. აქედან ნუ შევქმნით ტრაგედიას. ეს იყო ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, რომელიც მოხდა დარღვევით და ამ დარღვევას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი. აქ მეტი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტში ვაკანტურ თანამდებობებს, სოფო კილაძე აცხადებს, რომ დღეისათვის იურიდიულ კომიტეტში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი დავით მათიკაშვილია.

„დღესდღეობით იურიდიულ კომიტეტში არის ბატონი დავით მათიკაშვილი, რომელიც დიდი ხანია, არჩეულია თავმჯდომარის მოადგილედ. შესაბამისად, ბატონი დავით მათიკაშვილი არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იურიდიულ კომიტეტში. პროცედურულად ვერ გეტყვით, ვის აირჩევს კომიტეტი, მაგრამ ამ ეტაპზე მათიკაშვილი არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი კომიტეტში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს გაიწვია.