სოფო ხუნწარია - სურვილის შემთხვევაში, ბიბლიოთეკარები აუცილებლად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს
სურვილის შემთხვევაში, 320-ვე ბიბლიოთეკარი აუცილებლად შეინარჩუნებს საკუთარ სამუშაო ადგილს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკარებს უკვე შეხვდა და შეთანხმებაც გააცნეს, რომლის მიხედვით, მათ აქვთ გარანტია, რომ აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში.
„36 ბიბლიოთეკა შეუერთდება მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, რომლებიც მუნციპალიტეტის საკუთრებაა. რაც შეეხება ბიბლიოთეკარების დასაქმებას, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 320-ვე ბიბლიოთეკარი სურვილის შემთხვევაში აუცილებლად შეინარჩუნებს საკუთარ სამუშო ადგილს. კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკარებს მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების დირექტორთან ერთად შეხვდა და შეთანხმება გააცნო. შეთანხმების მიხედვით, მათ აქვთ გარანტია, რომ აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში. რაც შეეხება პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც 2006 წლის 9 ნოემბერს გამოიცა და რომელიც გულისხმობს მთავარი ბიბლიოთეკის დაფუძნებას, მინდა გითხრათ, რომ 2007 წლის 3 ივლისის 131-ე დადგენილებით, ადგილობრივ თვითმართველობას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიწყოს ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის პროცესი. ხელფასს რაც შეეხება, თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ ხელფასები. ჩვენ ასევე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მცირედი ხელფასი, რომელიც მათ აქვთ, გაუმჯობესდეს, თუნდაც მომავალი წლიდან“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.