სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა
სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. სოფო ხალვაში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობაზე ოფიციალურად დღეს წარადგინა. სოფო ხალვაში განათლებისა და კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

„სოფო ხალვაში ცნობილი პიროვნებაა, მას ბევრი რეკომენდატორი ეყოლება ყოველთვის, თუმცა გუნდს ვაკომპლექტებ მე და გადაწყვეტილებაც მივიღე მე“, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სოფო ხალვაშის დანიშვნა მის ღია მხარდაჭერას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისადმი, ბათუმის მერი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მასთან გაცილებით ადრე დაიწყო.

თავად სოფო ხალვაშიც აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მის მერის მოადგილედ დანიშვნაზე უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

„ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, თუმცა უკვე დიდი ხანია, მიდის მოლაპარაკებები. ისე დაემთხვა, რომ გადაწყვეტილება მივიღე ახლა. ვეცდები, ყველანაირად გამოვადგე ჩემს ქალაქს“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.