„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მერის გადადგომა გადაწყვეტილია
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მერის გადადგომა გადაწყვეტილია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ბათუმის მერის მიერ თანამდებობის დატოვებაა გადაწყვეტილი.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ლაშა კომახიძის გადადგომა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა იგი შვებულებაში გაუშვეს, რათა განცხადება 15 ივლისის შემდეგ დაწეროს.

კირთაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება და მმართველი გუნდი მერის მოვალეობის შემსრულებლად საკუთარ კანდიდატს დანიშნავს.

კირთაძე ამტკიცებს, რომ მერის გადადგომის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირებას უკავშირდება.

„თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ ხულოს მერის შემდეგ სახლში გაუშვას ბათუმის მერი ისე, რომ ბათუმელებს წაგვართვა კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი. კომახიძე რატომ გაუშვა შვებულებაში? იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში ცალსახად წერია, თუ მერი უფლებამოსილებას 15 ივლისამდე შეუწყვეტს, არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს.

თუ 15-ის შემდეგ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, არჩევნები ტარდება მომავალი წლის გაზაფხულზე იმ შემთხვევაში, თუ არ არის არჩევნები. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ 2021 წლის სექტემბერში ისეც ტარდება არჩევნები. ამიტომ ბატონმა რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ვინმე დაანიშნოს და წელიწადნახევრის მანძილზე ყოველგვარი ხალხის მანდატის გარეშე ეყოლება მისი მორჩილი შემსრულებელი“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ლაშა კომახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა.

მერიის პრესსამსახურის განცხადებით, მერი განმარტებებს გააკეთებდა, თუმცა დღეიდან მერი ერთკვირიან შვებულებაშია და მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.