სოფო ჯაფარიძე - კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არ არის თანმიმდევრული და შესაბამისად, შედეგიც სათანადო ვერ არის
კამპანიები და ღონისძიებები, რომლებიც უწყებების მიერაა განხორციელებული არ არის თანმიმდევრული და შესაბამისად, შედეგიც ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მან შედეგებს შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ იცის, რა ძალისხმევაა საჭირო, როგორც ცნობიერების ამაღლების, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით.
„გეთანხმებით იმაში, რომ სურათი, რომელიც გამოავლინა კვლევამ არის ნამდვილად შემაშფოთებელი, როგორც არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით, ისე ცნობიერების კუთხით, ანუ ის დამოკიდებულება, რაც საზოგადოებაში არსებობს ქალთა ძალადობის განათლების თვალსაზრისით. მაგრამ სამართლიანი იქნება ისიც აღინიშნოს, რომ 2009 წლის კვლევასთან შედარებით პოზიტიური დინამიკა და ასე ვთქვათ, ძვრები ნამდვილად არის, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაა, რომ ხელისუფლებამ გადადგა თანმიმდევრული ნაბიჯები.
ეს იმ მიმართულებით, რომ საზოგადოება მეტად ინფორმირებულია თვითონ ამ ფენომენის შესახებ, შესაბამისად, გაიზარდა მიმართვიანობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გაიზარდა ასევე ცნობიერება არსებული სერვისების მიმართ, რაც პოზიტიურია.
მიუხედავად ამისა, სახელმწიფო კარგად აცნობიერებს ამ კვლევის მასშტაბურობას, ზუსტად ვიცით, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტირება გავაკეთოთ, როგორც ცნობიერების ამაღლებაში, ისე პრევენციულ ღონისძიებაში სათანადო რეაგირებაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაიდგა, ეს არის ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც არის უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობისა და ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
„ამჟამად, ვმუშაობთ ზუსტად ეროვნულ საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, რომლის შემუშავებაშიც გვეხმარება გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და ეს მიგნებები და სანდო მონაცემები ნამდვილად გახდება ერთგვარი ბაზისი იმისა, რომ სწორედ განვსაზღვროთ ის მოქმედებები, კამპანიები, რომელიც მიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებაზე, პრევენციაზე და სათანადო რეაგირებაზე.
აქ საგანმანათლებლო კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელიბა, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები მთავრობის მხრიდან. კამპანიები და ღონისძიებები, რომლებიც უწყებების მიერაა განხორციელებული არ არის გაერთიანებული ძალისხმევით და არ არის თანმიმდევრული და შესაბამისად, შედეგიც ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, კარგია რომ საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში გაერთიანდება ძალისხმევა გახდება თანმიმდევრული და დაფარავს, როგორც სკოლამდელი განათლების ფაზას, ასევე ბუნებრივია, შემდეგ ფაზასაც.
მნიშვნელოვანია, რომ სენსიტიურობა გაიზარდოს პროფესიონალების კიდევ უფრო მეტად, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, უნდა იყვნენ კვალიფიციური და გენდერულად სენსიტიური კადრი, რომლებიც ამ გზავნილებს საზოგადოებამდე მიიტანენ, ამიტომ, განათლების კომპონენტს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.