ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კონფერენცია „ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის“ მიმდინარეობს
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კონფერენცია „ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის“ მიმდინარეობს

თბილისში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კონფერენცია „ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის“ მიმდინარეობს.

კონფერენციაზე განიხილება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისა („გრევიო“) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციები.

როგორც საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, შტეფან სირბუმ განაცხადა, ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესრულდეს და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„2025 წლის 4 დეკემბერს სახელმწიფომ უნდა წარადგინოს „გრევიოში“ ოფიციალური ანგარიში, სადაც საუბარი იქნება ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. კონკრეტულად რეკომენდაციების შესრულება დაეხმარება ქალებსა და გოგოებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი სხვადასხვა მიმართულებით. პირველ ყოვლისა, დაზარალებულებს ექნებათ უკეთესი წვდომა სპეციალიზებულ მომსახურებებთან. საუბარია ასევე იმაზე, რომ აღკვეთილი და აღმოფხვრილი იქნება სტიგმატირებული მიდგომები და რწმენაზე დაფუძნებული ის მიდგომები, რაც ზოგადად ხელს უშლის პოლიციას, ეფექტური რეაგირება განახორციელოს ასეთ სიტუაციებზე. მოხდება სისხლის სამართლის დეფინიციების უკეთესად ჩამოყალიბება, ესენია გაუპატიურებისა და ძალადობის მსხვერპლის დეფინიციები“, – განაცხადა შტეფან სირბუმ.

კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ცნობით, „გრევიომ“ საქართველოში სტამბოლის კონვენციის შესრულების შესახებ პირველი და საბაზისო დასკვნა 2022 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც, კონვენციის მხარეთა კომიტეტმა 2022 წლის დეკემბერში საქართველოსთან მიმართებით 16 რეკომენდაცია დაამტკიცა. ამავე დოკუმენტის თანახმად, რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს საქართველო 2025 წლის ბოლოს წარუდგენს მხარეთა კომიტეტს.

„გრევიო“ ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც ასევე ცნობილია სტამბოლის კონვენციის სახელით. კონფერენცია ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის – „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით.