სოფიო ქაცარავა - არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის ტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების მოთხოვნა აისახება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის ტექსტში აისახება როგორც საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების მოთხოვნა.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციის დაშვება დღეს არ ხდება, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.
„რეზოლუციაში ამის აუცილებლობას ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამთ. ასევე საუბარი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზეც იქნება. ეს ძირითადი აქცენტებია და რეზოლუციის ტექსტზე ვმუშაობთ. რეზოლუცია როგორც კი მზად იქნება, გასაჯაროვდება”, – აღნიშნა ქაცარავამ.
საპარლამენტო უმრავლესობა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.