სოფელ ვედიდკარში მოსახლეობა წიწვოვანი მცენარეების მოჭრას აპროტესტებს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებს.
მათი განცხადებით, მცენარეები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრეს, რადგან თავის დროზე, აღნიშნული მიწა ერთ-ერთმა კერძო პირმა კანონდარღვევით შეიძინა. ადგილობრივების განცხადებით, ხეების მოჭრა ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, შემდეგ შეცერდა და რამდენიმე დღის წინ ისევ განახლდა. უკვე მოიჭრა 60 წლოვანი 13 წიწვოვანი ხე.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ხეების მოჭრის პროცესის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. ისინი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა და ინდმეწარმე გოჩა დანელია, რომელმაც ხეები მოჭრა. მისი თქმით, ამის უფლება კერძო მესაკუთრე ბადრი ჯელიასგან ოფიციალურად შეიძინა. ჯელიამ კი, შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა. ჯამში მან 15 ხის მოჭრის უფლება მოიპოვა, საიდანაც 10 უკვე მოჭრილია. მან აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული უწოდა და აღნიშნა, რომ სექტემბერში პროცესი დროებით იყო შეჩერებული. მოჭრა მას შემდეგ განაახლა, რაც დადგინდა, რომ ტერიტორია კერძო მფლობელობაშია.
მარტვილის მერის ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, აღნიშნული საქმის შესწავლა დაიწყება და შეეცდება, საკითხის მოკვლევამდე, ხეების ჭრის პროცესი შეჩერდეს. მისი თქმით, ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნის და გამოძიება დაადგენს, თუ რა უფლებით აქვს ის კერძო პირს.