მაია ბითაძე - ფიჭვის ყველა კორომი, რომელიც დღეს თბილისში გვაქვს, არის დაავადებული და განკურნებას არ ექვემდებარება
მაია ბითაძე - ფიჭვის ყველა კორომი, რომელიც დღეს თბილისში გვაქვს, არის დაავადებული და განკურნებას არ ექვემდებარება

ხეების დაავადების მასშტაბი არის უპრეცენდენტო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 10 ათასობით დაავადებულ ხეზე, რომელიც ურბანულ გარემოში, ასევე თბილისის სატყეო უბნებიდან იქნება ამოღებული.

„ზუსტად 15 წლის წინ, როდესაც ნიკა ვაჩეიშვილი იყო ხელისუფლებაში, ამ ხეებზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობა არავის განუხორციელებია, ამიტომ, დღეს დაავადების მასშტაბი არის უპრეცენდენტო. პრაქტიკულად ყველა ფიჭვის კორომი, რომელიც დღეს თბილისში გვაქვს, არის დაავადებული და სამწუხაროდ, განკურნებას არ ექვემდებარება”,- განაცხადა მერის მოადგილემ.

მაია ბითაძემ აღნიშნა რომ აღნიშნული საკითხის გამო, საქართველოში იმყოფებოდნენ ესპანელი სპეციალისტები, რომლებმაც სავალალო დასკვნა დადეს. მათივე რეკომენდაციით, მთლიანად განახლდება მწვანე საფარი როგორც ფერდობზე, ასევე ურბანულ გარემოში.

„ზოგადად, თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით შავ ფიჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც მთლიანად ამორტიზებული და დაავადებულია. მასშტაბი ძალიან დიდია და უკვე ვიზუალურადაც ჩანს. შესაბამისად, დაგეგმილია სანიტარული ღონისძიებები როგორც ახლა, ასევე მომდევნო წელს. იმ პროგრამის მიხედვით, რომელსაც მუნიციპალიტეტი გეგმავს, თითოეული ხის ნაცვლად დაირგვება ახალი, ჯანსაღი ხე იმ სტანდარტებით, რაც ჩვენ უკვე დავნერგეთ. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, რომელსაც ძალიან მოსწონს გამხმარი და დაავადებული ფიჭვები, თუ აქვთ სურვილი, წაიღონ და დარგონ თავიანთ ეზოებში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა მერიის სანიტარული ჭრის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე განაცხადა, რომ  ხეები სრულიად ჯანმრთელი იყო და მოჭრის აუცილებლობის საკითხი არ იდგა. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

დატოვე კომენტარი