სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის მემორიალური სკულპტურების დადგმა დაიწყო
პროექტი სახელწოდებით “შინდისის გმირები” გრძელდება. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორის რაიონის სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ადგილას, მათი მემორიალური სკულპტურების დადგმა დაიწყო.
“შინდისის გმირების” მემორიალის გვერდით, უკვე გაჩნდა პირველი გმირის ბრინჯაოს ქანდაკება, რომლებზეც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე მუშაობს. პროექტის ავტორის, ედმონდ მინაშვილის ინფორმაციით, ბრინჯაოს 20 ტონიანი ჩვიდმეტი ქანდაკების ჩამოსხმის დასრულება დაახლოებით 6 თვეშია დაგეგმილი.
პროექტის “შინდისის გმირები”, ბოლო ეტაპი აგვისტოს ომის საბრძოლო მუზეუმის მოწყობაა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიცავს იგივე სახელწოდების წიგნის გამოცემას, რომელშიც სენაკის მეორე ბრიგადის, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ბიოგრაფიები და ახლობელთა მოგონებები შევა. წიგნის დასაწერად, ედმონდ მინაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ ოჯახებში ცხოვრობდა და მასალებს აგროვებდა.
პროექტის ავტორის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მხატვრულ ფილმ “შინდისის გმირებზე” მუშაობა. ფილმზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა. ფილმს საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს.
გორის რაიონის სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ოცეულის და რუსეთის 53-ე არმიის შეტაკებისას, 17 ახალგაზრდა ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.