ირაკლი ბერაია - პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ნათელ ხსოვნას, ასეთი ბიჭების გმირობა არის გარანტი, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე და მშვიდობიანი გზით აუცილებლად გავამთლიანებთ ქვეყანას
ირაკლი ბერაია - პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ნათელ ხსოვნას, ასეთი ბიჭების გმირობა არის გარანტი, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე და მშვიდობიანი გზით აუცილებლად გავამთლიანებთ ქვეყანას

დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ნათელ ხსოვნას, ის, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ამ გმირების დამსახურებაა, საქართველო დგას მათ თავდადებასა და თავგანწირვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

ბერაიას თქმით, შინდისის გმირების ისტორია არის გმირობისა და თავდადების გამორჩეული ისტორია, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.

„ჩვენ, ჩვენს მომავალ თაობებს ყოველთვის ემახსოვრებათ მათი თავგანწირვა, მათი სახელები. ასეთი მაგარი ბიჭების გმირობა, ჩვენი ჯარის გმირობა და ჩვენი ხალხის თავდადება არის იმის გარანტი, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიანი გზით აუცილებლად გავამთლიანებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას.

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი სირცხვილი აჩვენა საკუთარ ქვეყანას. მაშინ, როდესაც ჩვენი ვაჟკაცები, გმირები იბრძოდნენ გმირულად და ეცემოდნენ ბრძოლის ველზე, ჩვენ ვნახეთ სირცხვილის არნახული მაგალითი მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან. მე არ მინდა, ამაზე მეტი ვისაუბრო, დღეს გმირების ხსოვნის დღეა და სააკაშვილის სახელით არ მინდა, დღევანდელი დღე დავაბინძურო. ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღემდე მოვიდა და საქართველო არის სახელმწიფო, ეს არის ამ გმირების დამსახურება და საქართველო დგას ამ ადამიანების გმირობაზე, მათ თავდადებასა და თავგანწირვაზე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.