ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივის სიახლოვეს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე ხმელ ბალახს გაუჩნდა და დანარჩენ ფართობზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი ჩარკვიანის თქმით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება და ცეცხლის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც.
„საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოების წინ ხშირად ადამიანები თავად უკიდებენ ბალახს ცეცხლს. სავარაუდოდ, ახლაც ასე მოხდა. ცეცხლი ოთხ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული, თუმცა ტყის მასივზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება მიზერულია“, – განაცხადა გიორგი ჩარკვიანმა.