სოფელ ოტობაის მკვიდრი, რომელსაც ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმი არ ატარებდა, სამკურნალოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოიყვანეს
გალის რაიონის სოფელ ოტობაის მკვიდრი ქალბატონი, რომელსაც ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმი არ ატარებდა, მკურნალობის მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოყვანილია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, პაციენტის გადმოყვანა სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართვის შედეგად იქნა შესაძლებელი.
„ოტობაიას მკვიდრი ქალბატონი, რომელიც თბილისის დამწვრობის ცენტრში უნდა გადმოეყვანათ და საოკუპაციო რეჟიმი არ ატარებდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართვის შედეგად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი“, – განუცხადეს პირველ არხს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ენგურის ხიდზე დღეს გალის რაიონის მკვიდრი არ გამოატარეს, რომელსაც სხეულის 40 პროცენტის დამწვრობა აქვს და თბილისში, დამწვრობის ცენტრში სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა 27 ივნისს ცალმხრივად ჩაკეტა.