ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფება [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფება. ზელენსკი ენგურის ხიდზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს სხვადასხვა უწყების, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

უკრაინის პრეზიდენტი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.