სოფელ ორმოცის მიმდებარედ ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი და სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება
შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.
მათივე ცნობით, ხილვადობის აღდგენისთანავე, ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზარდება 200 მეხანძრე-მაშველამდე.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.
„ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მუშაობს, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. ეწყობა სამუშაო შტაბი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დავრჩებით და დავგეგმავთ ხვალინდელ ღონისძიებებს. გათენებისთანავე, პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ.