საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარებული ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები. ლატალის მიმდებარე ტყეში მონიტორინგის მიზნით, მეხანძრე-მაშველების 30-კაციანი ჯგუფი რჩება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს შემოვიდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
რთული რელიეფის მიუხედავად, კერებთან მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა. არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ხანძრის კერებთან სულ მუშაობდა 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.