სოფელ ხიდისთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი წლის ბავშვი დაშავდა
ექვსი წლის ბავშვი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ექვსი წლის ბიჭს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„პოლიტრავმითაა შემოყვანილი, ანუ მრავლობითი დაზიანებებით. ოთხივე კიდურზე აღენიშნება დაჟეჟილობა, აქვს თერმული დამწვრობა ბეჭების არეში და თავის არეში ჭრილობა. უტარდება შესაბამისი კვლევები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კლინიკის მორიგე ექიმმა, ლექსო ხეთაგურმა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.