სოფელ ითხვისის მოსახლეობას 25- წლიანი უწყლობის შემდეგ, სასმელი წყალი მიეწოდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას 25 წლიანი უწყლობის შემდეგ, სასმელი წყალი მიეწოდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ ადგილობრივებთან ერთად განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ითხვისში სასმელი წყლის მილების დამონტაჟება და რეაბილიტაცია ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
გუბერნატორის თქმით, ითხვისში, პირველი შეხვედრის დროს, მოსახლეობამ მოსაგვარებელ პრობლემებში პრიორიტეტად სასმელი წყალი დაასახელა.
„როდესაც პირველად შევხვდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მცხოვრებ მოსახლეობას, საუბარში აღნიშნეს, რომ 25 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და მეზობელი სოფლიდან, სვერიდან მიაქვთ. მაშინ დავპირდი მოსახლეობას, რომ მათ წყალი აუცილებლად ექნებოდათ. ორი კვირის შემდეგ კი, მათთან ერთად მოვუშვი ონკანი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, პირველ ეტაპზე სასმელი წყლით 100–ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. მეორე ეტაპზე კი, სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდება და საერთო ჯამში, სასმელი წყალი სოფლების: ითხვისის, კალაურისა და შუქრუთის 600–მდე კომლს 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. მსგავსი პრობლემა იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრშიც. საკითხი იქაც მოგვარებულია და მოსახლეობა სასმელი წყლით უკვე სარგებლობს. პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა აღმოიფხვრას“,–განუცხადა პირველ არხს იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ.
სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.