ახალი რეკომენდაციის თანახმად, „კოვიდ-19“-ის პირობებში უწყვეტი წყალმომარაგება ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს
ახალი რეკომენდაციის თანახმად, „კოვიდ-19“-ის პირობებში უწყვეტი წყალმომარაგება ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს

მომხმარებლის მიერ გადასახადის გადაუხდელობა არ უნდა იყოს წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი; ხელისუფლების მიერ პრიორიტეტად უნდა იყოს აღიარებული წყალმომარაგების სერვისებზე უწყვეტი წვდომა და სხვა უშუალო ღონისძიებები, როგორიცაა ჭაბურღილების, წყლის გადასატანი რეზერვუარების, მიმწოდებელი მილების გაფართოება, დაცვა და სხვა, – ამის შესახებ ახალ გაიდლაინშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაცაა „წყალი, სანიტარია, ჰიგიენა (WASH) და ნარჩენების მართვა SARS-CoV-2-ვირუსით გამოწვეული COVID-19 ინფექციის პირობებში“. გაიდლაინი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 22 მარტს დამტკიცდა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია წყლისა და სანიტარიის საკითხებზე მომუშავე პერსონალისა და პროვაიდერებისთვის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებისთვის. დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხო წყლით უზრუნველყოფა, სანიტარია, ნარჩენების მართვა და ჰიგიენა წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის აუცილებელ პირობას ყველა ინფექციური დაავადების, მათ შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების პერიოდში.

გაიდლაინში მითითებულია, რომ ინფიცირების თავიდან აცილების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი ხელების ჰიგიენაა, ხელების დასაბანი წყლის ხარისხის განსაზღვრისას კი, უპირატესობა ენიჭება სასმელი დანიშნულების წყლის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით საკვების მომზადების წინ, სამედიცინო სერვისების მიწოდებისას (სამედიცინო დაწესებულებაში ნებისმიერი მიზნისთვის გამოყენებული წყალი უნდა იყოს სასმელი დანიშნულების). გაიდლაინით, უნდა მოხდეს რესურსების მობილიზება, რათა გამოყენებული იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის წყალი.