სოფელ გუდალეთში ნასოფლარ ვარჯაანის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ გუდალეთში ნასოფლარ ვარჯაანის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში ნასოფლარ ვარჯაანის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ეკლესიის ექსტერიერის ოთხივე ფასადზე გადაეწყო და კირდუღაბის ხსნარზე აღდგა საპირე წყობა. ფასადისა და ინტერიერის მხრიდან ნაწილობრივ შემორჩენილი ავთენტური ქვების გამოყენებით აშენდა ახალი კედლები. ინტერიერის შემორჩენილ ბუტებზე კი, საპირე წყობა ახალი ქვით აღდგა. ტაძრის სახურავი ხის განახლებულ კონსტრუქციაზე ქართული კრამიტით გადაიხურა.
ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მოეწყო არქიტავრის ქვა. კირდუღაბზე გადაეწყო შირიმის თარო-კარნიზი. ტაძრის ამბიონის ასასვლელზე ნიჩბისის ქვა დაეგო. კლდის ნატეხი ქვების გამოყენებით კი, მოეწყო იატაკი.  კონსოლიდირდა გარე ფასადებისა და ინტერიერის ქვის ნაკერები. ხის მასალითა და ლითონის ელემენტებით დამზადდა და დამონტაჟდა ეკლესიის კარი”-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

სამუშაოები არქეოლოგების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა.